arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
სიახლეები
ნინო ხარატიშვილის „ჩემი საყვარელი ორეულის“ წარდგინება
13/05/2016

13 მაისს, 19:00 საათზე, სოციალურ ბარ გენერატორი 9.8-ში გამომცემლობა ინტელექტი გიწვევთ ნინო ხარატიშვილის რომანის – ჩემი საყვარელი ორეული – წარდგინებაზე. წიგნი გერმანული ენიდან ნინო ბურდულმა თარგმნა.

 

ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს მწერალი ნინო ხარატიშვილი და მთარგმნელი ნინო ბურდული თავად წარუდგენენ ქართულ ენაზე ახლად გამოცემულ წიგნს ჩემი საყვარელი ორეული და წაიკითხავენ ფრაგმენტებს რომანიდან.

 

ნინო ხარატიშვილის ჩემი საყვარელი ორეული  2011 წელს დამოუკიდებელი გერმანული გამომცემლობების პრიზით დაჯილდოვდა. ესაა რთული ოჯახური ურთიერთობებისა და მტკივნეული სიყვარულის ამაღელვებელი ამბავი.

 

სტელა ოცდაათი წლის ქალია, რომელიც პროფესიულ საქმიანობას ეწევა და მეუღლესთან ერთად ჰამბურგში ცხოვრობს. მისი მყუდრო ცხოვრება ნახევარძმის – ივოს მოულოდნელი გამოჩენით ირღვევა, რომელიც ოჯახში დიდი ხნის გაუჩინარების შემდეგ ბრუნდება. სტელასა და ივოს ამ შეხვედრის სცენები რომანში სულიერი ტრავმებით სავსე მათი ბავშვობის მოგონებებთან თავბრუდამხვევადაა გადახლართული.

 

რომანის მეორე ნაწილში სტელა ქმარ-შვილს ტოვებს და ივოს საქართველოში მიჰყვება, სადაც ივო ვითომდა გარკვეულ დოკუმენტებს იკვლევს, სინამდვილეში კი ერთი ოჯახის წარსულის გამოძიებას ცდილობს. ივოსთვის ნაცნობია ძალადობის, ღალატისა და გაშვილების მწარე გამოცდილება და იმედი აქვს, რომ სტელასთან ერთად სხვისი ოჯახური საიდუმლოს გამოძიებით საკუთარი ოჯახის მტკივნეული ისტორიის დაძლევასა და დავიწყებას შეძლებს.

ჩემი საყვარელი ორეული ამაღელვებელი და მომნუსხველი დრამაა, რომელშიც აკრძალული ვნებისა და წარსულისაგან განთავისუფლების მცდელობის მსოფლიო თემებია ასახული.

 

წიგნი გამოიცა გოეთეს ინსტიტუტისა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით.

 

პრეზენტაციაზე ასევე წარმოდგენილი იქნება ნინო ხარატიშვილის პირველი რომანი ჟუჟა და პიესების კრებული ჩემი საშინელი ბედნიერების წელიწადი, რომელიც გამომცემლობა ინტელექტმა 2014-2015 წლებში გამოსცა. ნინო ხარატიშვილის პიესა მრისხანება, რომელიც აღნიშნულ კრებულშია შესული, 6-7-8 მაისს თუმანიშვილის თეატრში იქნება წარმოდგენილი. სპექტაკლი თავად პიესის ავტორმა დადგა და თუმანიშვილისა და ფრაიბურგის თეატრების კოპროდუქციაა.

 

წიგნის წარდგინებაზე შესაძლებელი იქნება ნინო ხარატიშვილის წიგნების საგამომცემლო ფასად შეძენა.


მისამართი: ათონელის ქუჩა 29
დასრება თავისუფალია!



სხვა სიახლეები
  •  განსაკუთრებული შეთავაზება მკითხველს
    05/11/2024
    15 ნოებრის ჩათვლით, გვეწვიეთ წიგნის მაღაზიაში „ინტელექტი“ (ვახუშტი ბაგრატიონის #75) და             ...
    ვრცლად
  • გაეცანით გრიფირების კონკურსში გამარჯვებულ სახელმძღვანელოებს
    23/06/2023
    ვულოცავთ ჩვენს ავტორებს სახელმძღვანელოების გრიფირების კონკურსში გამარჯვებას! გაეცანით მოსწავლისა და...
    ვრცლად
  • მალე – მათემატიკის ავტორების დისტანციური კონსულტაციები
    20/07/2021
    2021-22 სასწავლო წლიდან გამომცემლობა „ინტელექტი“ და მათემატიკის I-XII კლასების გრიფირებული სასკოლო...
    ვრცლად