27 მაისს, 14:30 საათზე, ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონში, თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში გელა ჩარკვიანი მკითხველებს შეხვდება და ისაუბრებს ავტობიოგრაფიულ წიგნზე – ნაცნობ ქიმერათა ფერხული. შეხვედრის ბოლოს შესაძლებელი იქნება ავტოგრაფების მიღება.
26-29 მაისს, თბილისის წიგნის ფესტივალზე წიგნი განსაკუთრებული ფასდაკლებით – 15 ლარად გაიყიდება.
ნაცნობ ქიმერათა ფერხული გელა ჩარკვიანის პირადი, საზოგადოებრივი და პოლიტიკური ბიოგრაფიაა. უფრო სწორად, ავტობიოგრაფია, რომელიც საკმაოდ არაორდინარული და ხშირად დრამატული მოვლენების უშუალო მონაწილის მიერ იწერება.
წიგნს უამრავი პერსონაჟი ჰყავს. თხრობის პროცესში ისინი კონტრასტულად ენაცვლებიან ერთმანეთს, მაგრამ არსებობს ადგილი, სივრცე, სადაც ავტორი მათ შეკრებას ახერხებს: საბჭოთა საქართველოს უმაღლესი ხელისუფალის ოჯახი და ქვეყნის მეორე პრეზიდენტის კანცელარია.
გელა ჩარკვიანის მრავალმხრივი პერსონის როლებიც განსხვავებულია ამ ავტობიოგრაფიულ საგაში: ის ჯერ კომუნისტი უფლისწულია, შემდეგ არატრადიციული საბჭოთა ახალგაზრდა, რომელსაც აკრძალული მუსიკა და ქალაქური ანდერგრაუნდი იზიდავს; მოგვიანებით – რკინის ფარდის მიღმა არსებული თავისუფალი დასავლური სამყაროს პოპულარიზატორი და არაერთი საზოგადოებრივი ინიციატივის ავტორი; გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან პრეზიდენტ შევარდნაძის მრჩეველი და მისი საგარეო ურთიერთობათა სამსახურის ხელმძღვანელი; პრეზიდენტ სააკაშვილის პრესსპიკერი და გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი.
ავტორი გულწრფელად გვიყვება ადამიანურ ისტორიებს, „ივენთებს“, რომლებმაც სხვადასხვა დროს მასზე გავლენა იქონიეს და ამ ყველაფერთან ერთად გვიზიარებს პროფესიონალის უნიკალურ გამოცდილებას, რომელიც ამ წიგნს განსაკუთრებულად საჭიროს და ღირებულს ხდის.
დასწრება თავისუფალია!
მის: წერეთლის გამზ. 118
ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონი, გამომცემლობა „ინტელექტის“ სტენდთან.