22 ივნისს, 15:00 საათზე, ქალაქ ზუგდიდის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში გაიმართება შეხვედრა ეთერ თათარაიძესთან და ამირან არაბულთან. შეხვედრაზე ავტორები წარადგენენ საკუთარ წიგნებს. ამირან არაბული წარადგენს ჩანაწერების წიგნს – სულუქცევრად საკითხავნი, ეთერ თათარაიძე კი პოეტურ და პროზაულ კრებულებს – 100 ლექსი და დევითუპეთ!
სულუქცევრად საკითხავნი
______________________
„სხარტ და ექსპრესიულ ჟანრობრივ სადინარში ნაფიქრ-ნააზრევის მოქცევისთვის ძალზე ეფექტური და პოპულარულია „ჩანაწერების“ ფორმატი. შეგიძლია სულმოუთქმელად წაიკითხო (ზოგიერთი გამოტოვო კიდეც, თუკი დასათაურებამ არ მიიქცია შენი გულისყური), წამისუმალ „დაიგემოვნო“, გააშინაგანო და დიდი ესთეტიკური სიამოვნებაც განიცადო.
„სულუქცევარი“ სიტყვა „სულმოუთქმელის“ ხევსურული შესატყვისია. ეს დიალექტური ცნება-ტერმინი საკარგყმო თასისა თუ ყანწის ერთი მოყუდებით, ერთი ამოსუნთქვით დაცლას გულისხმობს: „გადავსვამ სულუქცევრადა, ტანჩი შამისხდან ცხრონია“... მთავარი კი მაინც ის არის, რითია სავსე სასმისი – ნათავედით თუ წყალწყალა, წაკანჭული ღვინით. განსაჯოს ჭეშმარიტმა ჭაშნაგირმა – გულიანმა, გემოვნებიანმა მკითხველმა“ – ამბობს ავტორი წიგნის შესავალში.
100 ლექსი
_________
ეთერ თათარაიძე არ ღალატობს თავის არჩეულ გზას. მისი პოეზიის ენად კვლავ რჩება სალიტერატურო ქართულისაგან განსხვავებული დიალექტი, როგორც ერთადერთი საშუალება მისი ფიქრების, განცდების, წუთისოფელთან საკუთარი დამოკიდებულების გამოსახატავად. ის პოეტური ენა, რომელზეც თუშური საგმირო პოეზიაა შექმნილი, განსხვავებულია ეთერ თათარაიძის პოეტური მანერისაგან. ამ წიგნის ენა თუში ტომის საშინაო სალაპარაკო კილოა, რომელზეც არ არსებობს ხალხური პოეტური ტრადიცია; ის თითქმის ყამირია, თითქმის მოუხვნელი მიწა.
დევითუპეთ!
___________
„1998 წლის 30 ივლისს გამომცემლობაში მეწვია თენგიზ მირზაშვილი და სხვათაშორის მიამბო ეთერ თათარაიძის ახლობლების – შინაბერა დების შესახებ (გვარს ყოველი შემთხვევისათვის ვერ ვასახელებ!): სამოცი წლისანები არიან, აქვთ განსაკუთრებული და გასაოცარი ხატოვანი გურულ-იმერული მეტყველება. ეთერი მალულად იწერს მათ ნაამბობს, მაგრამ წაკითხვა არ კმარა, ეთერს უნდა მოუსმინო, რომ მარილი არ დააკლდეს. წავიდეთ და ეხლავე მოგასმენინებო. მე ვუთხარი, ერთი საათის შემდეგ ჩემს ირაკლის ველოდები-მეთქი. მაშინ დაურეკა ეთერ თათარაიძეს, გაესაუბრა, გადმომცა ყურმილი და მოვისმინე მაგრამ რა მოვისმინე! ეს იყო კილოკავებით შეზავებული ზეპირსიტყვაობის შედევრები. ერთი საათი ისე გავიდა, ვერ გავიგე. ირაკლი დამადგა თავზე და იძულებული გავხდი მოსმენა შემეწყვიტა. ეთერს ვთხოვე, დიქტოფონით გააგრძელე მალული ჩაწერა და მერე კასეტაზე გადაიტანე-მეთქი.
სხვათაშორის, ეთერი შესანიშნავი იმიტატორი აღმოჩნდა“. (ვახტანგ ჯავახაძე)
„ამ წიგნს 1982 წლიდან ვწერდი. გამოდის, რომ ბოლო სამი ათწლეულის ქართულმა ყოფით-პოლიტიკურმა სინამდვილემ მოიყარა აქ თავი.
თქვენს ხელთაა ცრემლითა და ღიმილით (ამასთან, ლიხსიქითური საქართველოს უსაზღვრო სიყვარულით) ნაწერი წიგნი, რომელმაც შეიძლება კიდევ ერთხელ დაგაფიქროთ უღვთოდ დაღლილი და განაწამები ჩვენი ხალხის ბედისწერასა და გამძლეობის საიდუმლოზე“. (ეთერ თათარაიძე)
დასწრება თავისუფალია!
მის: ქ. ზუგდიდი, მ. კოსტავას ქ. 58