მარიო ვარგას ლიოსა „ცუდი გოგოს ოინები“ – პრეზენტაცია.
23 აპრილს, წიგნის საერთაშორისო დღეს, 19:30-ზე, ვაკის მედიათეკაში გაიმართება მარიო ვარგას ლიოსას რომანის – „ცუდი გოგოს ოინები“ – პრეზენტაცია.
ესპანურიდან თარგმნა ლანა კალანდიამ.
„ცუდი გოგოს ოინები“ დიდი მწერლის, ნობელის პრემიის ლაურეატის – მარიო ვარგას ლიოსას ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული რომანია. მწერალი მოგვითხრობს ქალისა და მამაკაცის რთული, წინააღმდეგობებით სავსე ურთიერთობების შესახებ, რომელიც ადრეულ სიყმაწვილეში იწყება და თითქმის ორმოცი წლის განმავლობაში სდევს პერსონაჟებს.
რომანის გმირების მღელვარე ცხოვრება მე-20 საუკუნის მეორე ნახევრის პოლიტიკური, სოციალური და კულტურული ტრანსფორმაციის პარალელურად ვითარდება. წიგნს ვრცელი გეოგრაფია აქვს – ლიმა, პარიზი, ლონდონი, ტოკიო, მადრიდი, სადაც ორიგინალურად ერწყმის ერთმანეთს ამ ქალაქებში მომხდარი უჩვეულო მოვლენები და რომანის გმირების არაორდინარული ურთიერთობა.
ამ წიგნში მარიო ვარგას ლიოსა ბოლომდე არღვევს რომანტიკული სიყვარულის ყველა ნაცად კლიშეს, გამოცდილებას და მკითხველს კიდევ ერთხელ აყენებს სამყაროსავით ძველი და მარადიული კითხვის წინაშე: „როგორია სიყვარულის ნამდვილი სახე?“
23 აპრილს, 11:00-დან 21:00-მდე წიგნის საერთაშორისო დღე გაიმართება ვაკის პარკში, ვაკის მედიათეკასა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე. აქ განთავსდება კარვები, სადაც გამომცემლები წიგნების გამოფენა-გაყიდვას მოაწყობენ. მათ შორის წარმოდგენილი იქნება გამომცემლობა "ინტელექტის" სტენდიც, სადაც ჩვენი წიგნები დიდი ფასდაკლებით გაიყიდება. მედიათეკის შიდა სივრცე კი მთელი დღის განმავლობაში დატვირთული იქნება კულტურული ღონისძიებებით. სწორედ ამ ღონისძიებების ფარგლებში გაიმართება მარიო ვარგას ლიოსას რომანის – „ცუდი გოგოს ოინები“ – პრეზენტაციაც.
დასწრება თავისუფალია!
მისამართი: თბილისი, ვაკის პარკის შესასვლელი აბაშიძის მხრიდან