arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
სიახლეები
ორი ახალი გამოცემის – „მოთხრობები საბჭოთა საქართველოზე“ და „ქართული იგავური პროზის ანთოლოგია“ – პრეზენტაცია
29/05/2015

29 მაისს, 17:00 საათზე, „ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონში გაიმართება ორი ახალი გამოცემის – „მოთხრობები საბჭოთა საქართველოზე“ და „ქართული იგავური პროზის ანთოლოგია“ – წარდგენა!

დასწრება თავისუფალია!
მის: ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონი, წერეთლის გმზ. 118

 

 

„მოთხრობები საბჭოთა საქართველოზე“
შეადგინა თამაზ ვასაძემ
 
ეს წიგნი საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი განსაკუთრებულად დრამატული, საბედისწერო ეპოქის ლიტერატურული ანარეკლია.
 
ლიტერატურა ისტორიის ყველაზე მართალი მოწმეა, ყველაზე უანგარო, საიმედო შემნახველია და წიგნში წარმოდგენილი ქართული ლიტერატურის მრავალფეროვანი ნიმუშებიც უტყუარად ამეტყველებენ ჩვენს უახლოეს ისტორიულ წარსულს.
 
ქართველი მწერლების მოთხრობები შესაძლებლობას გვაძლევენ, უშუალოდ მივადევნოთ თვალი საბჭოთა საქართველოს ისტორიის ეტაპებს, უშუალოდ ვიგრძნოთ და დავინახოთ საქართველოს ცხოვრება კომუნისტური რეჟიმის პირობებში, ამ რეჟიმის სხვადასხვანაირად გამოვლენილი ავადმყოფური ბუნება. მოთხრობების პერსონაჟთა სახეები, მათი ხვედრი მკვეთრად აღიბეჭდავს ადამიანის ბედს საბჭოთა საქართველოში.
 
კრებულში შესულია ლეო ქიაჩელის, ნიკოლო მიწიშვილის, მიხეილ ჯავახიშვილის, კონსტანტინე გამსახურდიას, დემნა შენგელაიას, გიორგი ლეონიძის, ოთარ ჩხეიძის, რეზო ჭეიშვილის, ნოდარ დუმბაძის, გურამ რჩეულიშვილის, შოთა ჩანტლაძის, რევაზ ინანიშვილის, ჯემალ თოფურიძის, ნოდარ წულეისკირის, ჯემალ ქარჩხაძის, ვლადიმერ სიხარულიძის, ირაკლი ქასრაშვილისა და ნუგზარ შატაიძის მოთხრობები.
 

 

„ქართული იგავური პროზის ანთოლოგია“
შეადგინა თამაზ ვასაძემ
 
ანთოლოგიაში ტრადიციული ლიტერატურული ჟანრების - იგავის და არაკის ნიმუშებთან ერთად წარმოდგენილია მოთხრობები, რომლებიც მხატვრული ბუნებით, წყობით იგავის ტიპისაა, იგავურია. ევროპულ ტერმინს თუ გამოვიყენებთ, მათ პარაბოლები უნდა ვუწოდოთ. ამგვარ ნაწარმოებებში გადმოცემული რეალისტური ან ზღაპრულ-ფანტასტიკური (არაკისებური) ამბავი, ისტორია სიმბოლოს ხასიათს იძენს - მასში სიმბოლური სახით არის ფორმულირებული სამყაროში, ადამიანების სულიერ, ზნეობრივ, სოციალურ არსებობაში მოქმედი ზოგადი კანონზომიერება, ინტელექტუალური ხედვით გამოკვეთილი ზოგადი აზრი ამ არსებობის შესახებ.
 
წიგნში გაერთიანებული ნაწარმოებები ისევე მრავალგვარია, როგორც ადამიანთა ცხოვრება და მისი მხატვრული გააზრების და გამოსახვის შესაძლებლობები.
 
ანთოლოგიაში შესულია სულხან-საბა ორბელიანის, აკაკი წერეთლის, ვაჟა-ფშაველას, ნიკო ლორთქიფანიძის, ლეო ქიაჩელის, გიორგი ლეონიძის, გურამ რჩეულიშვილის, რევაზ ინანიშვილის, ნოდარ წულეისკირის, რეზო ჭეიშვილის, შოთა ჩანტლაძის, ერლომ ახვლედიანისა და ირაკლი სამსონაძის ნაწარმოებები.



სხვა სიახლეები
  •  განსაკუთრებული შეთავაზება მკითხველს
    05/11/2024
    15 ნოებრის ჩათვლით, გვეწვიეთ წიგნის მაღაზიაში „ინტელექტი“ (ვახუშტი ბაგრატიონის #75) და             ...
    ვრცლად
  • გაეცანით გრიფირების კონკურსში გამარჯვებულ სახელმძღვანელოებს
    23/06/2023
    ვულოცავთ ჩვენს ავტორებს სახელმძღვანელოების გრიფირების კონკურსში გამარჯვებას! გაეცანით მოსწავლისა და...
    ვრცლად
  • მალე – მათემატიკის ავტორების დისტანციური კონსულტაციები
    20/07/2021
    2021-22 სასწავლო წლიდან გამომცემლობა „ინტელექტი“ და მათემატიკის I-XII კლასების გრიფირებული სასკოლო...
    ვრცლად